საზოგადოების წარმომადგენლები მიმართვის ტექსტზე მუშაობენ - კვირის პალიტრა

საზოგადოების წარმომადგენლები მიმართვის ტექსტზე მუშაობენ

- საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ ოპოზიციას, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ რეალურად შეცვლილ დემოკრატიულ გარემოში მიიღონ, - ამის შესახებ

ნათქვამია მიმართვის ტექსტის სამუშაო ვარიანტში, რომელთან დაკავშირებითაც სამუშაო შეხვედრა სასტუმრო "პრიმა ვერეში" გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მწერლები, რეჟისორები, მსახიობები. მათ შორის - რობერტ სტურუა, გოგი ქავთარაძე, გიგა ლორთქიფანიძე, ოტია იოსელიანი, ქეთი დოლიძე, ნანა შონია, ნინელი ჭანკვეტაძე, ნუკრი ქანთარია და სხვები.

"თბილისის მერის არჩევნებიდან იწყება ჩვენი სერიოზული, ორგანიზებული შეტევა იმისკენ, რაც არ მოგვწონს", - განაცხადა გოგი ქავთარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციამ და საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც ეს ხელისუფლება არ მოსწონს, უნდა გადაწყვიტონ არსებული პრობლემური საკითხები.

თუმცა, როგორც გოგი ქავთარაძემ აღნიშნა, ვერც ოპოზიცია და ვერც ხალხის ნაწილი ვერ თანხმდება არათუ ერთიან საარჩევნო კანდიდატურაზე, არამედ ერთიან აზრზეც კი. ამასთან, გოგი ქავთარაძისთვის გაუგებარია, თუ ასეთი მნიშვნელოვანია მერის პირდაპირი წესით არჩევნები, რატომ არ უნდა იყოს ლაპარაკი ერთიან კანდიდატურაზე.

საზოგადოების წევრებმა მოუწოდეს ყველა მოაზროვნე მოქალაქეს, პარტიული იქნება ის თუ უპარტიო, გაერთიანდნენ არსებული რეალობის შესაცვლელად.