უხერხული კითხვა - კვირის პალიტრა

უხერხული კითხვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უნგრეთში ზურაბ ადეიშვილის ყოფნის თაობაზე მოუწია კითხვაზე პასუხის გაცემამ. ვიქტორ ორბანს ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას ამავე ინსტიტუტის წევრმა სულხან ხაბაძემ მიმართა, რომელიც რამდენიმე წელია, ლონდონში ცხოვრობს.

ხაბაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს კითხვის დასმისას აცნობა, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე ქვეყნიდან გაიქცა, სისხლის სამართლის საქმე ოთხი პუნქტით, მათ შორის - მძიმე დანაშაულებზე, არის აღძრული. ხაბაძის თქმით, ქართულ მედიაში არის სპეკულაციები, თუ რატომ აირჩია ადეიშვილმა უნგრეთი და არა სხვა დასავლეთევროპული ქვეყნები - უფრო მეტად ჩამოყალიბებული დემოკრატიები. "ზოგი ამის პასუხად მიანიშნებს ადეიშვილის ახლო კონტაქტს თქვენი მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან", - განუცხადა ხაბაძემ უნგრეთის პრემიერს. თავის მხრივ, ორბანმა შეკითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ Chatham House-ში სიტყვიერი კინკლაობისთვის არ იყო მისული (ვრცლად იხ. გვ. 5, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).