შეხვედრა მთავარ რედაქტორებთან - კვირის პალიტრა

შეხვედრა მთავარ რედაქტორებთან

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები, რომლის მსგავსიც საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა. "პრეზიდენტის არჩევის პარალელურად, მე და ჩემი მთავრობა რეფერენდუმის მსგავს შეფასებას მივიღებთ ჩვენი მოღვაწეობის წლისთავზე", - განაცხადა პრემიერმა. ივანიშვილის შეფასებით, მთავრობა მაქსიმალურად ეფექტური იყო და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მაქსიმუმი გააკეთა. "გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში 60%-ზე ნაკლები რომ მიიღოს, ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება", - განაცხადა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა და მარგველაშვილს ურჩია, თუ მეორე ტური დაინიშნება, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. მან თანამდებობიდან წასვლაზეც ისაუბრა, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებაში გადასვლის შემდეგ მთავრობის შეცდომებს საზოგადოებასთან ერთად გააკრიტიკებს.

ივანიშვილის თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს. "როდესაც გუნდი ("ნაციონალური მოძრაობა") ჩემი გამოჩენით აფორიაქდა, სააკაშვილმა მათ უთხრა, არსად მივდივარ, პინოჩეტი ვარო. ამას ჭორად ვამბობ, თუმცა, ყველას კარგად ახსოვს მისი მანერები და ისიც, როგორ ექცეოდა ქართველ ხალხს... აბსოლუტურად არა მაქვს სურვილი, ჩემი პრეზიდენტი ციხეში მოხვდეს, მაგრამ საზოგადოებას საშუალება ექნება, დარწმუნდეს, რომ ვინც დააშავა, ყველას მოეთხოვება პასუხი. დანარჩენი გამოძიების საქმეა... ჩEემი დიდი სურვილია, სამართლიანობა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს", - განაცხადა ივანიშვილმა. პრემიერმა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილისაც ესმის, ვინც შალვა ნათელაშვილსა და გიორგი თარგამაძეს უჭერს მხარს: "შალვა ნათელაშვილს აქვს 1 თუ 2%. 20 წელიწადია ატყუებს საზოგადოებას და მაინც დარჩა ხალხი. ლამის მასხარა გახდა ეს კაცი და დღესაც 1-2% აქვს". მისი თქმით, გიორგი თარგამაძე მის თვალში მოღალატის ეტალონია (სიუჟეტი იხ.www.palitratv.ge-ზე).