ბაჩო ახალაიას პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ბაჩო ახალაიას პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ინფორმაციით,  ბაჩო ახალაიამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისას დაარღვია კანონი და ციხეში პრივილეგირებული პირობები შეუქმნა სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულ ყოფილ პოლიციელებს: გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურსა და მიხეილ ბიბილურიძეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბაჩო ახალაიას ახალ ბრალდებაზე, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეს უკავშირდება, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა და მათ სასამართლოს დარბაზი დატოვეს. საქმის პროკურორს, ლევან ბაჩიაშვილს, სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ახალაიას მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც პროკურორის პასუხიც მოჰყვა. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.