კბილაშვილს ფარცხალაძე შეცვლის - კვირის პალიტრა

კბილაშვილს ფარცხალაძე შეცვლის

არჩილ კბილაშვილმა მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, არანაირი უთანხმოება მასსა და მომავალ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არ არის. მისი აზრით, განვლილი წლის განმავლობაში პროკურატურამ რეპრესიული მანქანიდან ლიბერალიზაციისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა და მოსახლეობას დაუმტკიცა, რომ სამართალი არ იყიდება. კბილაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პროკურორობა ორხელისუფლებიანობის პერიოდს დაემთხვა: "აქედან გამომდინარე, პროკურატურის საქმიანობა იმ პოლიტიკით იყო ნასაზრდოები, რომელიც ხალხში კოაბიტაციის სახელით არის ცნობილი. ამიტომ ბუნებრივია ისიც, რომ კოაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა წყრომის ადრესატი ვარ, თუმცა ვთვლი, რომ პრემიერ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში ზომიერებითა და დაბალანსებულობით გამოირჩეოდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკა იყო". ყოფილ პროკურორს სჯერა, რომ პროკურატურაში სისტემური რეფორმა უნდა დაიწყოს: "დადგა დრო, პასუხი გაეცეს ქონებაჩამორთმეულთა და უკანონო განაჩენებით მსჯავრდადებულთა პრეტენზიებს", - აცხადებს კბილაშვილი და არ უარყოფს, რომ პროკურატურის გარდაქმნისა და ნაკლოვანებათა აღმოფხვრის თაობაზე მასსა და პრემიერს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო: "ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ შევთანხმდით, რომ პრემიერ-მინისტრთან ერთად მეც დავტოვო თანამდებობა და  როგორც მისმა თანაგუნდელმა და თანამოაზრემ,  საქმიანობა გავაგრძელო სამოქალაქო სექტორში", მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კბილაშვილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფარცხალაძე შეცვლის (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).