"ეკონომიკა შოკიდან გამოდის"
18-11-2013
"ეკონომიკა შოკიდან გამოდის"
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტში 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, ეკონომიკა იმ შოკიდან გამოდის, რომელშიც წინა ხელისუფლებამ ჩააგდო. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ხელისუფლება ეკონომიკის 6%-იანი ზრდის ვერმიღწევასა და ბიუჯეტის "ჩაგდებაში" დაადანაშაულეს. საპასუხოდ ხადურმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ წინასწარ 1,5 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიბა. "დღეს არავინ არავის დაიბარებს და ფულს არ წაართმევს. მხოლოდ გასულ წელს, 100 მილიონი ლარი იყო აკრებილი ე.წ. არადეკლარირებული გადასახადების საგადასახადო შეთანხმებებით - როცა ბიზნესებს კონკრეტული ჩინოვნიკი
იბარებდა და პირდაპირ აწერდა ფულს. შემდეგ ეუბნებოდა, რომ სანაცვლოდ ბუღალტერია დაეწვა", - განაცხადა ხადურმა. მან "ნაციონალებს" ბიზნესტერორის სხვა ფაქტებიც შეახსენა: "ძალიან ბევრი ბიზნესმენი მოდის და გვეუბნება, რომ იუსტიციის სახლების მშენებლობისას მათ წაართვეს მასალა, ნედლეული და ასე შემდეგ. ეტყოდნენ, მოიტანეთ, პირობითად - საღებავი. მეორე დღეს, როცა
ფულზე მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ: ჭკუით იყავით, თორემ დაგიჭერენ და საერთოდ დაკარგავ ყველაფერს, ან ვიღაცას დაუჭერდნენ და შემდეგ მიატანინებდნენ ფულს" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით