პოსტსკრიპტუმი - კვირის პალიტრა

პოსტსკრიპტუმი

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი - "პოსტსკრიპტუმი" გაავრცელა და განმარტა, რომ კულუარებიდან ქვეყნის მართვას არ აპირებს.   "ამიერიდან მე ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი, ჩემი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და, რა თქმა უნდა, მექნება გარკვეული გავლენაც. ამასთან, მე ამ გავლენას არათუ სათაკილოდ ვთვლი, არამედ ძალიანაც შევეცდები მის გაზრდას. სხვანაირად როგორ შეიძლება იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი? ხელისუფლებაზე საზოგადოების გავლენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღის, ანუ დემოკრატიის მანიშნებელია, რადგან ეს გავლენა ხალხის, საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და მასთან უკუკავშირს გულისხმობს", - აღნიშნა ივანიშვილმა და განაცხადა, რომ მთავრობას არც საჯარო მხარდაჭერას, არც რჩევებს დაამადლის და არც კრიტიკას მოაკლებს. "მინდა მივმართო ყველას - ნუ დავრჩებით თითქმის ზოგადსაკაცობრიო სტერეოტიპის ტყვეობაში, უნდა დავიჯეროთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჭარბი სიმდიდრე და ჭარბი ძალაუფლება, მაგრამ გული და გონება მაინც სხვაგან მიუწევდეს, რადგან მისთვის კიდევ უფრო მაღალი ღირებულება არსებობს და ეს არის თავისუფალი სამშობლოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების ასრულებისთვის გახდა აუცილებელი ჩემი პოლიტიკაში დროებით მოსვლაც და ამასვე ემსახურება ჩემი პოლიტიკიდან წასვლაც. აი, ასე მარტივია სინამდვილეში ყველაფერი", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).