"ვრჩები აქტიურ მოქალაქედ"
02-12-2013
"ვრჩები აქტიურ მოქალაქედ"
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის მიდის პოლიტიკიდან, თუმცა რჩება აქტიურ მოქალაქედ. ივანიშვილის თქმით, "...არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, მეტიც, იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე იყო შენი ქვეყნის ერთი ჯარისკაცი, შენი საზოგადოების რიგითი წევრი. მე ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე, ვინც გააკონტროლებს ხელისუფლებას სწორედ სამოქალაქო პოზიციებიდან. დარწმუნებული ვარ, ჩემი საზოგადოებაში ყოფნა და აქტიური საქმიანობა მეტ სიკეთეს მოუტანს ჩემს ქვეყანას. გაძლევთ სიტყვას, რომ სულ ცოტა, ოცი წელი, მთელ ენერგიას,
ცოდნას, გამოცდილებას მოვახმარ ჩემი სამშობლოს ფეხზე დაყენებას. მხარს დავუჭერ ყველა ხელისუფლებას, რომელიც ხალხის სამსახურში იდგება, არავის დავამადლი რჩევებს და არც კრიტიკას მოვაკლებ ვინმეს, თუ ამას დაიმსახურებს. მე, თქვენთან ერთად, არ დავიღლები ხელისუფლებაში მყოფი პირებისთვის იმის შეხსენებით, რომ ხელისუფლება უნდა ემსახუროს ხალხს და არა პირიქით, რომ
კანონები მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად გვჭირდება და არა მეტი შეზღუდვებისთვის, რომ სამართლიანობა მართლის ძლიერებას ნიშნავს და არა ძლიერის სიმართლეს". როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ქართველი ხალხი პროგრესულ საზოგადოებად ჩამოყალიბდეს. "როცა საზოგადოება პროგრესულია, მხოლოდ მაშინ არის ის ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა. ეს არის ჩემი ქართული ოცნება! ჩვენ ვიქნებით დემოკრატიული ქვეყნის პროგრესული საზოგადოება!" - განაცხადა ივანიშვილმა. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით