შეთანხმება პარაფირებულია
02-12-2013
29 ნოემბერს, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის ნაწილში - ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტმა. ამავე დროს მაია ფანჯიკიძემ და ქეთრინ ეშტონმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს ჩართვის შესახებ. პარაფირების შემდეგ საქართველოს
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: "ძალიან გახარებულები ვართ. რადგან ეს არის ის, რისთვისაც ქართველების არაერთი თაობა იბრძოდა თავისი ცხოვრების სტილით, მოღვაწეობით. ჩვენ გადავდგით ისეთი ნაბიჯი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი, როგორც ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრის მომავალს". ხელშეკრულების პარაფირება ქართულ დელეგაციას მიულოცა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან
რომპეიმ და განაცხადა, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს, მიიღოს სარგებელი იქიდან, რასაც ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა ჰქვია. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზომ კი განაცხადა, რომ ევროკავშირი დააკვირდება საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლებას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს ვიზების ლიბერალიზებაზე ხელშეკრულება გაფორმდება. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით