პატრიარქის რჩევა - კვირის პალიტრა

პატრიარქის რჩევა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა, რომ საჭიროა, ვისწავლოთ დროის დაფასება: "ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უქმად განვლილი დრო დაკარგულია და შეიძლება ცოდვაც იყოს. წმინდა მამა ანტონი დიდი და სხვა წმინდა მამები უფალს ევედრებოდნენ, როგორ ვიცხოვროთ, რა გავაკეთოთო, საერთოდ ვაკეთოთ რამე, თუ მარტო ვილოცოთო. მათ ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა - ილოცეთ და იშრომეთო. ამიტომ იყო, რომ წმინდა მამები შრომობდნენ. უდაბნოში მოღვაწეობდნენ და ამავე დროს კრეფდნენ ლერწამს, აკეთებდნენ კალათებს და ამით არსებობდნენ, რომ არ ჩათვლოდათ, რომ სხვის ხარჯზე ცხოვრობდნენ". პატრიარქი მრევლს ესაუბრა, თუ როგორი განრიგი უნდა იყოს ოჯახებში: "ჩვენი ცუდი თვისება არის ის, რომ დიდხანს ვწევართ. გვიან დგება ქართველი ადამიანი. ვნახოთ, თუნდაც ევროპაში, სხვა ქვეყნებში, სამსახური 6 ან 7 საათზე იწყება. უნდა ადგე ექვსის ნახევარზე ან ხუთ საათზე, რომ სამსახურში მისვლა მოასწრო. ვინც ადრე დგება, მას უფალი მადლს აძლევს. ასევე, ვინც ადრე დგება, უნდა დაწვეს ათ-თერთმეტსაათზე". მან ოჯახებს ერთად ლოცვისკენ მოუწოდა: "ეს კრავს და აძლიერებს ოჯახს. დიდ მადლს და სიხარულს ანიჭებს მათ". (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).