"ძლიერი ხელისუფლება ძლიერი ქვეყანაა" - კვირის პალიტრა

"ძლიერი ხელისუფლება ძლიერი ქვეყანაა"

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თვითმმართველობის კოდექსის პროექტის გამო შეშფოთება გამოხატა. "ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს, რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, გამოსწორდეს. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, კანონი სასწრაფოდ იქნეს მიღებული. ჩვენი აზრით, ეს მთელმა ერმა უნდა განიხილოს. ხალხმა უნდა იმსჯელოს, რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტსა და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის განცხადების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თვითმმართველობის კოდექსის მიღებას არ იჩქარებენ. ამასთან, არსებული ინფორმაციით, პროექტში ცვლილებები შევა და მის განხილვაში ყველა დაინტერესებული პოლიტიკური ძალა თუ არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.