წმინდა სინოდმა მიმართვა გაავრცელა - კვირის პალიტრა

წმინდა სინოდმა მიმართვა გაავრცელა

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ილია II თავმჯდომარეობდა. მან ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე ისაუბრა. ამ საკითხზე მოსაზრებები გამოთქვეს წმინდა სინოდის წევრებმაც, რის საფუძველზეც გაკეთდა მიმართვა:  "არიან ძალები, რომელთაც არ სურთ ეკლესიის მთლიანობა და სისავსე, არ სურთ ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების დაცვა. ისინი ფსევდოლიბერალიზმის, ფსევდოკულტურისა და რელიგიური ინდიფერენტიზმის დანერგვისაკენ მოგვიწოდებენ და ამ მიზნის მისაღწევად ყველა სახის სიცრუესა და შეურაცხყოფას მიმართავენ, რათა ხალხს ეკლესიის სიყვარული და ნდობა დააკარგვინონ. ამით კი სურთ, ერს მთავარი საყრდენი გამოაცალონ. ჩვენი ქვეყნის ისტორია გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს აღორძინებასა და წინსვლას წინ ყოველთვის ეკლესიის განმტკიცება უძღოდა. ეს პროცესი ეკლესიაში დაწყებულია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს სასულიერო პირების მომრავლებამ სიკეთესთან ერთად სირთულეებიც შექმნა, რაზეც მსჯელობა, სჯულის კანონიდან გამომდინარე, წმინდა სინოდის სხდომებზე უნდა ხდებოდეს. სამწუხაროა, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობენ მასმედიის ის საშუალებებიც, რომელნიც ხელისუფლებას ექვემდებარებიან... ანტიეკლესიურ კამპანიას ზიანი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსთვის მოაქვს, რადგან ეს არის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მცდელობა. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღირსება"."