მერაბიშვილი ოთხკედელშუა - კვირის პალიტრა

მერაბიშვილი ოთხკედელშუა

5 მაისს პროკურატურამ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი დააკავა. ამომრჩევლის მოსყიდვასა და ქონების მითვისებასთან ერთად, მერაბიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებთან დაკავშირებით. პროკურატურის ინფორმაციით, 26 მაისის დარბევისას უშუალოდ მერაბიშვილის დავალებით სპეცრაზმის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, მრავალი კი დაშავდა. სამართალდამცავი უწყების ცნობით, მერაბიშვილმა თავისი მეუღლის, თაკო სალაყაიასა და მასთან დაახლოებული პირებისთვის პასუხისმგებლობის აცილების მიზნით, შეგნებულად შეუშალა ხელი გირგვლიანის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას. თავად მერაბიშვილი ბრალს არ აღიარებს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მას მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაემუქრა.

"პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს, ღამის 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან და ჩამსვეს მანქანაში. თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს, ჩემი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში ორი კაცი დამხვდა. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ ვითანამშრომლებდი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, მაშინ ქვეყნიდან გასვლის შანსს მომცემდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა.

მის განცხადებას არასერიოზული უწოდეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. რაც შეეხება სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს, ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა ზურაბ ადეიშვილზე, დავით კეზერაშვილი კი საფრანგეთში დააკავეს.