ფარცხალაძის სკანდალი - კვირის პალიტრა

ფარცხალაძის სკანდალი

უფლებამოსილება შეჩერებული თბილისის მერის, გიგი უგულავას მტკიცებით,  მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში "ყაჩაღური ქურდობისთვის" არის გასამართლებული. "ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი - პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა", - განაცხადა უგულავამ. მთავარმა პროკურორმა საპასუხო განცხადება გაავრცელა: "2000 წელს ნამდვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც, მოგვიანებით დადგინდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი.

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა. მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ქვეყნიდან ჩემი დეპორტაცია და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას".  მისივე თქმით,  პროკურატურის მიერ რეზონანსულ საქმეებზე გააქტიურებულმა გამოძიებამ ოპონენტები გაანაწყენა და ისინი შეუდგნენ ბინძური ხრიკებით უწყებისა და პირადად მის  კომპრომეტირებას. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ ბავშვობაში ჩადენილი საქციელის გამო, არ შეიძლება ადამიანს პერსპექტივა მოუკლა (ვრცლად იხ. გვ. 5, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).