100-ლარიანი ჯარიმა განახევრდა - კვირის პალიტრა

100-ლარიანი ჯარიმა განახევრდა

1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმის ოდენობის 100-დან 50 ლარამდე შემცირებას, ხოლო საურავის ოდენობის 500-დან 150 ლარამდე დაწევას ითვალისწინებს. 1-ლი იანვრიდან ასევე განახევრდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმისა და მასზე დარიცხული საურავის გადაუხდელობისთვის მართვის უფლების ჩამორთმევის ვადები. კერძოდ, ერთი წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა იცვლება ექვსი თვით, ხოლო 2 წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა - ერთი წლის ვადით. გარდა ამისა, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო, ერთი წლის ვადით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისთვის პირს 1.000-ლარიანი ჯარიმა უნდა გადაეხადა, ხოლო 2 წლის ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში - 1.500 ლარი. კანონის ეს ნაწილიც შეიცვალა - 6 თვის ვადით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის დადგენილება შეიცვალა 500 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო მართვის უფლების ერთი წლის ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში, 1.000 ლარის ოდენობის ჯარიმით.