"თქვენ გაქვთ საშუალება, გააკონტროლოთ მთავრობა" - კვირის პალიტრა

"თქვენ გაქვთ საშუალება, გააკონტროლოთ მთავრობა"

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა, რომ ხალხის აზრს ანგარიშს უწევს. "ჩვენს მთავრობას გახსნილი ურთიერთობა აქვს ხალხთან, თქვენ გაქვთ საშუალება, გააკონტროლოთ მთავრობა, თქვენგან წამოსულ ხმას ანგარიშს ვუწევთ, ვითვალისწინებთ და ეს ჩვენ უკვე დავამტკიცეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ არსებითად შეცვალა პრიორიტეტები და პირველი ნაბიჯები გადადგა სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ.

ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავარი გამოწვევაა. მომავალი წლიდან ქვეყანაში გაიხსნება მრავალი ახალი საწარმო და ამით დაიწყება ეკონომიკის აღმავლობის შეუქცევადი პროცესი; ჩვენ ყველა პირობას შევქმნით ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, სამუშაო ადგილების გაჩენისთვის და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებისთვის. მომავალი წლიდან შევქმნით იმის პირობებს, რომ 4-5 წელიწადში არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი მაღალხარისხიანი პროდუქტი, რომ ექსპორტმა ჩაანაცვლოს იმპორტი. ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ბუნებრივი რესურსი, რომლითაც მდიდარია ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.