მომავალი ნათელი და საიმედოა - კვირის პალიტრა

მომავალი ნათელი და საიმედოა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია II-მ საახალწლო მილოცვაში ბრძანა, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ განიწმინდოს  გული და გახდეს ტაძარი სულისა წმიდისა.

"ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელია, საიმედო. საქართველომ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი. მე ვიტყოდი, მთელმა კავკასიამ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი. ამიერკავკასია კი არ უნდა იყოს წინააღმდეგობისა და დაპირისპირების ასპარეზი, არამედ თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ასპარეზი უნდა გახდეს. ადამიანი რომ ბედნიერი იყოს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მადლი ღვთისა, წყალობა და მადლი წინაპრებისა და კეთილი საქმეები თვითონ ადამიანისა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების დალოცვას. მშობლებმა უნდა დალოცოთ თქვენი შვილები და ეს უნდა ხდებოდეს ყოველდღე. შვილი უნდა იღებდეს ლოცვა-კურთხევას თავისი დედისა და მამისაგან და უნდა ემთხვიოთ მშობლებს ხელზე. აი, ამ დროს გადმოვა ღვთის ლოცვა-კურთხევა თქვენზე. კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ"", - ბრძანა პატრიარქმა.

4 იანვარს უწმინდესს 81 წელი შეუსრულდა. პატრიარქს იუბილე მიულოცეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, მთავრობის წევრებმა და მოქალაქეებმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).