არეულობა ოპერის თეატრში - კვირის პალიტრა

არეულობა ოპერის თეატრში

ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი დასი სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ჟორდანიასა და დასს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. "ჩვენ ვერ ვენდობით ამ ადამიანის კვალიფიკაციას, ვერ ვენდობით მის ნიჭს და პროფესიონალიზმს. მან ჩვენი მაესტრო ჯანლუკა მარჩიანო იმ დონემდე მიიყვანა, რომ  მარჩიანომ თქვა, - მივდივარ თეატრიდან. გამოფხიზლდეს კულტურის სამინისტრო, გამოფხიზლდეს ყველა", - განაცხადა სოლისტმა ვანო გალუაშვილმა. სოლისტები აღნიშნავენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სახელით მანიპულირებდა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, კულტურის სამინისტროსა და პირადად მინისტრ გურამ ოდიშარიასგან იყო პირობა, რომ გიორგი ჟორდანია თეატრში  შექმნიდა სამუშაო პირობებს, მიიყვანდა მუსიკოსებს, შედგებოდა გასტროლები, თუმცა, არც ერთი პირობა არ შესრულებულა. პირიქით, თეატრი გაკოტრებამდე მიიყვანა. დასის წევრების განცხადებით, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი ყველა დაგეგმილ პრემიერასა და ღონისძიებას გააუქმებენ.