პატრიარქის ეპისტოლე - კვირის პალიტრა

პატრიარქის ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში დიდი ყურადღება დაუთმო  ქრისტიანობის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ეპისტოლეში აღნიშნულია, - სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან. პატრიარქის შეფასებით, უმცირესობათა ჯგუფებს აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათთვის მუშაობს მასმედია, დაცული არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც და სხვა. ხოლო, ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრედიტირების ნიაღვარში ექცევა. ეს პროცესები მეტ-ნაკლებად ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ამ თემებზე ყურადღებას... პატრიარქის თქმით, საქართველო თავისი განვითარებით, კულტურით, ქრისტიანული ევროპის ნაწილია და ამიტომაც, მისკენ ლტოლვა ხალხში ნამდვილად არის.

მაგრამ, ამ და ზემოთ აღნიშნული ფუნდამენტური საკითხების მიმართ, ევროგაერთიანებამ, ევროპარლამენტმა უნდა გაითვალისწინონ ცალკეული ქვეყნების ტრადიცია და აზროვნების წესი და მისცენ მათ საშუალება თავისუფალი არჩევანისა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გულწრფელად მოინდომოს თანამედროვე ევროპულ კულტურასთან დაკავშირება... ეპისტოლეში პატრიარქი ხელოვნურ განაყოფიერებას, სინჯარაში ჩასახულ ბავშვებსა და სუროგაციას მძიმე ეთიკურ საკითხებად მოიხსენიებს და ოჯახის ღირებულებაზე საუბრობს. "განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში.

შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა... თუ ჩვენ არ მოგვიტანია სიცოცხლე ამ წუთისოფელში, რა უფლება გვაქვს, მოვინდომოთ ბატონობა მასზე? რატომ ვისაკუთრებთ მას, რაც ჩვენი არ არის? ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია, თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: ,,მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ" (IIრჯ.32,39)". იობის წიგნშიც იგივე აზრია: "სიცოცხლე "უფალმა მომცა, უფალმა წაიღო”(იობი, 1,21)".  ამიტომ, არავითარი უფლება არა გვაქვს, ხელვყოთ უფლის ეს წყალობა და ვინც ამას აკეთებს და არ შეინანებს, დაისჯება!" - ბრძანებს პატრიარქი. ილია მეორე მიიჩნევს, რომ ოჯახი ერის, სახელმწიფოს, საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედია; იგი პატარა სახელმწიფოა, ქრისტიანული გაგებით კი "მცირე ეკლესია"... ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამისა და ევას სახით მთელი კაცობრიობა შექმნა. ამდენად, ყველა ადამიანის მამა, ამ სიტყვის ყველაზე სრული და აბსოლუტური მნიშვნელობით, არის თვით შემოქმედი. "ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახისთვის მარტო სიყვარული და ერთმანეთისაკენ სწრაფვა არ არის საკმარისი. ოჯახი მოწოდებულია იქცეს "მცირე ეკლესიად", მარადიული სიყვარულის ცოცხალ ხატად, რომელშიც ღვთის მცნებებს იცავენ და თაობიდან თაობას გადასცემენ", - ნათქვამია ეპისტოლეში.