გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა - კვირის პალიტრა

გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ყოფილ მთავრობას შორის ტელეკომპანია "იმედის" გამო 2011 წლის 6 ივლისს გაფორმებულ დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა. ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიწყო სამართლებრივი დავა. "ინა გუდავაძე და ოჯახი მიზნად ისახავდნენ "ტელეიმედის" დაბრუნებასა და თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს "ლინკს" შორის მთაწმინდის პარკთან დაკავშირებული იჯარის ხელშეკრულების აღდგენას, ან 400 მლნ დოლარის ზარალის ანაზღაურებას", - განაცხადა წულუკიანმა. მისი თქმით, წინა ხელისუფლება მიხვდა, რომ ბიზნესს სამართლებრივად შეეძლო თავისი ინტერესების დაცვა და პატარკაციშვილის ოჯახთან მოლაპარაკება დაიწყო.

"მაშინ მხარეები იყვნენ იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, შს სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო დეპარტამენტი, ეროვნული მარეგულირებელი კომისია და თბილისის მუნიციპალიტეტი. მათი სახელით  მორიგების ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა იუსტიციის მაშინდელი მინისტრის პირველმა მოადგილე თინა ბურჯალიანმა. მეორე მხარეს კი ადვოკატების სახით წარმოადგენდნენ პატარკაციშვილის ქვრივი, დედა და ოჯახის სხვა წევრები.„შედგა მორიგება: გაფორმდა 17 საწარმოსთან  საგადასახადო დავალიანებაზე უარის თქმის მიზნით საგადასახადო შეთანხმებები; მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით გაფორმდა თბილისის მუნიციპალიტეტთან იჯარის ხელშეკრულება; პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა ყოფილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის  ქონება; ხელშეკრულების პირობად განისაზღვრა, რომ ეკონომიკის სამინისტრო გააფორმებდა ოჯახთან ხელშეკრულებას, რომ მაუდის ფაბრიკასთან დაკავშირებულ საინვესტიციო ვალდებულებებზე სახელმწიფო იტყოდა უარს და ეს ქონება გახდებოდა შესაბამისი შპს-ს ქონება. ამის სანაცვლოდ ოჯახმა შეწყვიტა საარბიტრაჟო დავა, მათ შორის "იმედთან" დაკავშირებულიც. ოჯახი ასევე იძულებული გახდა, უარი ეთქვა სხვადასხვა კომპანიასთან დაკავშირებული ინტერესების დარღვევის მიზნით დავაზე".

პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ განხორციელებული სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თბილისის მერი გიორგი უგულავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).