დათა ახალაიას ბრალი დაუმძიმდა - კვირის პალიტრა

დათა ახალაიას ბრალი დაუმძიმდა

პროკურატურამ მოქალაქეების, ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე კუდ-ის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი დააკავა. პროკურატურის ცნობით, ბრალი დაუმძიმდათ კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელს დათა ახალაიასა და ყოფილ მაღალჩინოსან გერონტი ალანიას. პროკურატურის ცნობით, 2005 წლის სექტემბერში, ვინმე დათო, გაცნობის მიზნით, მობილურ ტელეფონზე უკავშირდებოდა ვამეხ აბულაშვილის მეგობარ გოგოს, რაც აბულაშვილთან სიტყვიერი სატელეფონო შელაპარაკების მიზეზი გახდა. გამოძიების ცნობით, მეტრეველი შეთხზული მიზეზით შეხვდა აბულაშვილს, რომელსაც მეგობარი კახა დაბრუნდაშვილი ახლდა. ორივე ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს, სადაც მათ დათა ახალაია, გერონტი ალანია და ათამდე შეიარაღებული პირი დახვდა. პროკურატურის ცნობით, ახალაიამ დაჩოქილ აბულაშვილს სახეში ფეხი ჩაარტყა, რის შემდგომაც მან და თანმხლებმა პირებმა აბულაშვილსა და დაბრუნდაშვილს უმოწყალოდ სცემეს. გამოძიების ცნობით, ახალაიამ აბულაშვილისა და დაბრუნდაშვილის მიმართულებით ჰაერში გაისროლა და გააფრთხილა, რომ მომხდარი ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, მათ და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.