პრემიერ-მინისტრი რუსეთს მოუწოდებს - კვირის პალიტრა

პრემიერ-მინისტრი რუსეთს მოუწოდებს

რუსულ ჟურნალ "რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში" გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სტატია სათაურით "საქართველო-რუსეთი: ჩიხიდან გამოსვლის ძიებანი". ღარიბაშვილი რუსეთს ორი ქვეყნის ურთიერთობაში ჩიხური ვითარებიდან გამოსასვლელად შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა სამართლებრივი თვალსაზრისით მოჯადოებული წრე შექმნა. ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის გზების ძიებას ემსახურება ჟენევის კონსულტაციები. თუ ჟენევის უმნიშვნელოვანეს პროცესს არ მიეცა კონსტრუქციული დინამიკა, რაღაც ეტაპზე ქართულ-რუსული ორმხრივი დიალოგი "კედელს" დაეჯახება", - ნათქვამია წერილში. ღარიბაშვილმა გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომლის მიხედვით, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა თავად უნდა იპოვონ საერთო ენა. "ფორმულა სწორია, მაგრამ მას მხოლოდ მაშინ შეუძლია იმუშაოს, თუ მოსკოვი პატიოსნად იქნება დაინტერესებული მხარეებს შორის შერიგებით. საქართველო მზად არის, აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის პრაქტიკულ და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ჩვენ შორის ნდობის აღდგენამდე სტატუსთან დაკავშირებული საკითხების განზე გადადება შესაძლებელია", - ნათქვამია წერილში.