"ორი გვამი მჭირდება" - კვირის პალიტრა

"ორი გვამი მჭირდება"

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოფირი, რომელშიც 2009 წლის ე. წ. მუხროვანის ამბოხის სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს ასახავს.  ვიდეომასალაში სამხედრო პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედროებთან მაშინდელი შს მინისტრი  ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდი", - მიმართავს მერაბიშვილი სამხედრო პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილთ - სწრაფად მოქმედებისკენ, ირაკლი კოდუასა (სოდ-ის მაშინდელი ხელმძღვანელი) და დათა ახალაიას (კუდ-ის მაშინდელი ხელმძღვანელი) კი მოუწოდებს, "დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ". ვიდეოჩანაწერში მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. ფირში ასევე ჩანან მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა. 2009 წელს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა, განაცხადა, რომ "ორ გვამში" მერაბიშვილი მის ძმასაც გულისხმობდა. "ეს ორი გვამი ჩემი ძმა და კობა ოთანაძე იყვნენ. ჩემი ძმა მართლაც შეეწირა ნაძირალებს, მაგრამ კობა ოთანაძე ღვთის წყალობით გადარჩა". ვიდეომასალაში ამოიცნეს სამხედროები - დავით ნაირაშვილი და შმაგი თელია. ნაირაშვილი დღეს დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშეა, შეიარაღებულ ძალებში დღემდე მსახურობს შმაგი თელიაც.„

"გამორიცხული არ არის, თუ გამოძიებას დასჭირდება, ნაირაშვილი და თელია დროებით ჩამოშორდნენ თანამდებობას", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში. ვიდეომასალის გავრცელებას ვანო მერაბიშვილიც გამოეხმაურა: "იმ დროს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მუხროვანის აჯანყებაში გარდა ყველასთვის ცნობილი პირებისა, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის დავალებით მოქმედებდნენ, მონაწილეობდა ორი რუსი "მრჩეველი". ჩვენი ინფორმაციით, შეთქმულების ორგანიზატორებმა კვალის დაფარვის მიზნით მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის დავალებას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის".  მუხროვანის მოვლენების საქმეზე წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული გამოძიებისას რუსი მრჩევლები არსად ფიგურირებენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).