"მერაბიშვილის ბრძანება უკანონო იყო" - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილის ბრძანება უკანონო იყო"

ვანო მერაბიშვილის სასამართლოზე, რომელიც 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს ეხებოდა, ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაიკითხა. კერძოდ, სასამართლოს ჩვენება მისცა სვიმონ ქარჩაიძემ, რომელიც მერაბიშვილის შს მინისტრობისას ამ უწყების განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. ქარჩაიძე იმ თათბირის მონაწილეა, რომელიც 26 მაისის აქციის დაშლამდე შს სამინისტროში ჩატარდა. ქარჩაიძემ აღნიშნა, რომ არსებობდა წერილობითი გეგმა, რომლის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას უნდა ჩაკეტილიყო ორი ქუჩა და გასასვლელები უნდა დაეტოვებინათ, თუმცა გეგმა არ შესრულდა. მისი ცნობით, კუდ-ის ქვედანაყოფი, რომელიც პარლამენტთან იყო განლაგებული, ადგილიდან არ უნდა დაძრულიყო, თუმცა ამ ქვედანაყოფმა ხალხს ცემა დაუწყო. სვიმონ ქარჩაიძის თქმით, თათბირზე მერაბიშვილისგან მისმა მოადგილეებმა, გია ლორთქიფანიძემ, შალვა ჯანაშვილმა მიიღეს დავალება, რომ აღლუმისთვის რუსთაველის გამზირი უნდა გაწმენდილიყო და ამ მიზნით უნდა დაეკავებინათ მაქსიმალურად მეტი მომიტინგე. რაც მოწმის შეფასებით, უკანონო ბრძანება იყო. მისივე თქმით, 26 მაისის ღამეს დაახლოებით 800 ადამიანი დააკავეს.