"მოქალაქის" პრეზენტაცია - კვირის პალიტრა

"მოქალაქის" პრეზენტაცია

4 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაცია გამართა. "ჩემი ოცნება იყო თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების აღსრულებისთვის მომიწია პოლიტიკაში მოკლე დროით მოსვლამ და ამასვე ემსახურებოდა ჩემი პოლიტიკიდან წასვლაც", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხალხმა არ იცოდა, როგორ აერჩია და  გაეკონტროლებინა ხელისუფლება, სწორედ ეს იყო მიზეზი, 20-წლიან მოჯადოებულ წრეზე სიარულისა... "მოქალაქე" ქართულ მედიას კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება, თუმცა ამავდროულად კონტროლსაც გაუწევს - კერძოდ, ჩატარდება კვლევები მედიის ობიექტურობისა და ხარისხის მონიტორინგისთვის. ასევე, დაგეგმილი გვაქვს, ახალი ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსება. ჩვენ მხოლოდ დავაფინანსებთ და ორგანიზებას გავუწევთ, რომ ეს პროცესი იყოს ჯანსაღი, მედიასაშუალებებთან შეთანხმებით და მათი მოთხოვნის მიხედვით, დავეხმარებით სხვადასხვა ტიპის გრანტებით, რომ სრულყოფილი ანალიზის საშუალება ჰქონდეს ყველა მედიასაშუალებას. დროულად, ობიექტურად, ხარისხიანად და, რა თქმა უნდა, პროფესიონალურად მიწოდებული ინფორმაცია, საზოგადოებას დაეხმარება იმაში, თუ როგორ უნდა ავირჩიოთ და შემდეგ როგორ ვაკონტროლოთ ხელისუფლება.

"ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას ფონდი "ქართუ" დააფინანსებს. პრეზენტაციაზე ჟურნალისტებმა ყოფილ პრემიერს მთავრობის საქმიანობის შეფასებაც სთხოვეს, ივანიშვილის თქმით, მთავრობასთან შენიშვნები არ აქვს. თუ მთავრობის რომელიმე წევრი შენიშვნას დაიმსახურებს, აქვს საშუალება, ზოგიერთს პირადად დაუკავშირდეს, ან ამ შენიშვნას მედიის საშუალებით გამოთქვამს. ყოფილმა პრემიერმა წინასაარჩევნო დაპირებებზეც ისაუბრა, რომლებიც მონოპოლიასა და საწვავის ფასებს ეხებოდა. "მონოპოლიის საკითხზე მუშაობა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე წარმომედგინა, ბენზინზე ფასების მერყეობა კი საგარეო ბაზრის ფაქტორებითაც არის განპირობებული"... მთავრობასთან მიმართებაში "ხარისხიანი" კონტროლის ნაკლებობაა, რასაც ოპოზიციის არაპროფესიონალიზმის და "ნაციონალური მოძრაობის" უპასუხისმგებლობა იწვევს", - აღნიშნა ივანიშვილმა. მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ "ნაციონალების" განცხადებებს იუმორით მიუდგნენ. "ნაციონალური მოძრაობა" პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობას ვეღარ ახერხებს, ის მენტალურ ძალადობაზე გადავიდა - ძალადობა უტიფრობაში გადაიზარდა. ნახეთ, როგორი ტერმინებით გვესაუბრებიან, როგორ გვიკითხავენ მორალს და ჩვენ გვდებენ ბრალს იმაში, რასაც თვითონ აკეთებენ. საზოგადოებას ეგონა, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიდნენ, ნაცვლად ამისა, იქიდან მივიღეთ ირონიული ღიმილი და უკაცრავად და, ენას გვიყოფენ, ისევ შეურაცხყოფას გვაყენებენ. შესაბამისად, საზოგადოებაში ეს აგრესია კიდევ უფრო გაიზარდა. მინდა მივცე რჩევა ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ იუმორი გვიშველის", - განაცხადა ივანიშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).