სისხლის კალო უკრაინაში - კვირის პალიტრა

სისხლის კალო უკრაინაში

რამდენიმე დღის განმავლობაში კიევში და უკრაინის რამდენიმე ქალაქში მომიტინგეებსა და სამთავრობო ძალებს შორის გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობდა. "ბერკუტთან" ერთად მომიტინგეებს სნაიპერები და დაქირავებული ყოფილი სპორტსმენები - "ტიტუშკები" უსწორდებოდნენ. ევრომაიდნის აქტივისტები თავს, ძირითადად, ქვებით, არმატურებით და "მოლოტოვის კოქტეილებით" იცავდნენ. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებებს 77 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, მსხვერპლი ბევრად მეტია. ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის კიევში ვიზიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა. უკრაინის რადას გადაწყვეტილებით, ციხიდან გათავისუფლდა ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. კიევში მიმდინარე მოვლენებს ქართველი ახალგაზრდა დავით ყიფიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ის სნაიპერის ტყვიამ შეიწირა. მანამდე კიევის მაიდნის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქართველის ზურაბ ხურციას ცხედარი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ხურცია მხუთავმა აირმა იმსხვერპლა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).