პრეზიდენტის სიტყვა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის სიტყვა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა უკრაინის მოვლენების შეფასებით დაიწყო. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ზღვარს გადავიდა და თავის კოლეგა ვიქტორ იანუკოვიჩს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. "საქართველოს ევროპული არჩევანი არასოდეს გადაიხედება და 2014 წელს უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან. 2013 წელს საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და არ გადაიხარა პოლიტიკური ნიშნით შემწყნარებლობისგან.

ეს კი სამართლებრივი ქვეყნის აშენების საფუძველია". საქართველოს მსგავსი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ სახელმწიფოს განვითარებაში ყველანი მონაწილეობდნენ. ჩემთვის აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია, როდესაც საქმე ეთნიკურ ან რელიგიურ ჩაგვრას ეხება", - განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნია მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმა; მან აფხაზებსა და ოსებს საქართველოს ევროპული კურსისგან სარგებლის მიღება შესთავაზა. ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ლიდერებს კი მიმართა: "ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, ნუ ეცდებით ახალი ბარიერების შექმნას იმ ხალხებს შორის, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი, ერთიანი სახელმწიფო აკავშირებს. ჩვენი ერთიანობა მრავალი შეცდომითა და გარე ძალების უხეში ჩარევით იქნა დარღვეული, რაც ყველას ჩვენივე ხალხის სისხლის ფასად დაგვიჯდა".

პრეზიდენტის თქმით, განვითარებული საქართველო რეგიონში განვითარებისა და კეთილმეზობლობის წინა პირობაა და ამის დამტკიცებას თბილისი რუსეთის ხელმძღვანელებისთვის ცდილობს. ""ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ დალაგებული, ეკონომიკურად სტაბილური საქართველო, რომელმაც გააკეთა თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანებას, ჩვენ ვაშენებთ მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანას, რომლის მიზანიც კეთილმეზობლობაა, ოღონდ იმის საფუძველზე, როდესაც დაცული იქნება ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ამ ღირებულების პატივისცემის ფონზე. ამ რაციონალური მიდგომით საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა წინა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა, რომელსაც არანაირი შედეგი არ ჰქონდა" - განაცხადა მარგველაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).