რუსები შავ ზღვას ნავთობისგან "ასუფთავებენ" - კვირის პალიტრა

რუსები შავ ზღვას ნავთობისგან "ასუფთავებენ"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთში ნავთობის მოპოვებასთან დაწყებულ სამუშაოებზე შესაბამის რეაგირებას

ითხოვს. მისი თქმით, შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთში ნავთობის მოპოვების მიზნით, აფხაზეთში სააქციო საზოგადოება "შელფაბხაზიი" დაფუძნდა, რომლის უკან რუსული "როსნეფტი" დგას.

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, შავ ზღვაში დაგეგმილია ორი ჭაბურღილის ამუშავება - ერთის გუდაუთაში, ხოლო მეორის - ოჩამჩირეში.

დავითაიას ასევე აქვს ინფორმაცია, რომ "როსნეფტი" პირველ ეტაპზე 1 მლრდ რუსულ რუბლს აბანდებს, შემდეგ კი 15 მლრდ-ის დაბანდებას გეგმავს.

მისივე შეფასებით, ადგილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულს, რომლის წინააღმდეგაც მთავარმა პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას. ამასთან, დავითაიას თქმით, არსებობს ნორმა, რომელიც ნავთობკომპანიებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნავთობის შესყიდვას უკრძალავს, შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციები და ნავთობის საერთაშორისო ორგანიზაცია საქმის კურსში უნდა იყვნენ.