ინტერვენცია - კვირის პალიტრა

ინტერვენცია

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ვლადიმირ პუტინის ინიციატივას უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის შესახებ. უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ეს ინტერვენციად შეაფასა და დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა. ვიტალი კლიჩკომ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება მოითხოვა. ამას წინ უძღოდა რუსეთის ქალაქ როსტოვში ვიქტორ იანუკოვიჩის პრესკონფერენცია, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლება ნეონაციონალისტებმა და პროფაშისტურმა ძალებმა ჩაიგდეს ხელში. ის თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს: "მე არავის დავუმხივარ, იძულებული ვიყავი, უკრაინა დამეტოვებინა, რადგან საფრთხე დამემუქრა მეც და ჩემს ახლობლებსაც". ყირიმში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, ავტონომიურ რესპუბლიკას პრორუსული ხელისუფლება და უკანონო  შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებენ. უკრაინული მედიის ცნობით, შეტაკებები დაიწყო უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებშიც. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ყირიმში აფხაზეთის სცენარის განხორციელება სურს, პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის არსენ იაცენიუკის აზრით კი, მოსკოვმა ოსური სცენარის განხორციელება დაიწყო.