ღარიბაშვილი ობამას შეხვდა
03-03-2014
აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას შეუერთდა. შეხვედრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები იყო. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებაზე და აშშ-ს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერი ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობებსაც შეეხო და
აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი ისეთი დინამიკურია, როგორც არასოდეს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ამერიკელ სენატორებს,  კონგრესმენებს, დაესწრო აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სხდომას, სადაც აშშ-ის  სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამერიკა და საქართველო თანამშრომლობაში მიღწეულ პროგრესზე არ შეჩერდებიან.

"თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებში კიდევ ერთხელ დაადასტუროთ და წარმოაჩინოთ, რომ ქვეყანაში დემოკრატია ზეიმობს, რაც ძლიერი ოპოზიციის არსებობასაც გულისხმობს.  დარწმუნებული ვართ, დიალოგი, დებატები უფრო გააძლიერებს ქვეყანას", - აღნიშნა ჯონ კერიმ.  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, საქართველო აშშ-ს აღიქვამს, როგორც ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს. "მინდა უსაფრთხოების, ტერიტორიული ერთიანობის და სხვა მიმართულებით თქვენი მუდმივი მზადყოფნისა და დახმარებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ეს ძლიერი სტიმულია ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ დემოკრატიის გაძლიერება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით