ღარიბაშვილი სტუდენტებს შეხვდა - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილი სტუდენტებს შეხვდა

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გასულ კვირას თსუ-ის სტუდენტებს შეხვდა. ღარიბაშვილის ინიციატივით, რეგიონებიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი აშენდება. შეიქმნება საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროექტს განახორციელებს. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება აღარ დაუშვებს, რომ სტუდენტები პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ. სტუდენტებმა პრემიერს კითხვებიც დაუსვეს, რომელთაგან ზოგიერთი საკადრო პრობლემებსაც და საჯარო სამსახურში დასაქმებულ არაკომპეტენტურ ხალხსაც ეხებოდა. "მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ადამიანია სამინისტროებში, ამიტომ მოხდება მათი ჩანაცვლება. თუმცა ეს ერთ დღეში ვერ მოგვარდება, ამას თანამიმდევრულობა სჭირდება. როდესაც ნიჭიერი ადამიანი შევა სამინისტროში, მას კონკურენციას ვერ გაუწევენ და გამოჩნდება, ვინ არის არაკომპეტენტური. მე სანთლით ვეძებ კვალიფიციურ კადრებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. სტუდენტმა მარიამ ქობალიამ კი პრემიერს ჰკითხა: "კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არა აქვს სამედიცინო სფეროში, იქნება თუ არა კარგი ექიმი? ეს კითხვა იქიდან გამომდინარე გამიჩნდა, რომ ვხედავ ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად, შს მინისტრი არ არის იურისტი, გენერალურ პროკურორს ვხედავ დამნაშავედ. უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება... განათლებას საერთოდ აზრი ეკარგება". ღარიბაშვილმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ მინისტრები ეფექტურად მუშაობენ: "თქვენ მინისტრების კომპეტენტურობის საკითხი დააყენეთ. არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ. მგონი, ეს ადამიანები ეფექტურად მუშაობენ და თუ რაიმე კითხვები აქვს ვინმეს, სიამოვნებით მოვისმენ".