საქართველოს პატრიარქის მოთხოვნა - კვირის პალიტრა

საქართველოს პატრიარქის მოთხოვნა

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სტამბოლში პანორთოდოქსულ შეკრებას დაესწრო, რომელიც დიდი საეკლესიო კრების ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპია. უწმინდესის თქმით, დიდი კრების მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებრიობას აჩვენოს მართლმადიდებელთა ერთობა: "ამიტომაც აუცილებელ პირობად მიგვაჩნია, ეს შეკრება ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხზე კონსენსუსს (ყველას თანხმობის) მივაღწევთ და ყველას ინტერესი გათვალისწინდება.

ამასთან, კონსენსუსის წესით უნდა წარიმართოს მთავარი შეხვედრაც. ეს არის რეალური გარანტია იმისა, რომ კრება არ იქცეს ეკლესიათა შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზად და დამაბრკოლებლად მსოფლიოს წინაშე. მინდა აღვნიშნო უშუალოდ საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებული თემების შესახებაც: ფრიად ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ არ უკავია თავისი კუთვნილი ადგილი კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიქში. თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობა ძალიან რთული იქნება. მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ღია ჭრილობებია საქართველოს სხეულზე. ირღვევა საეკლესიო კანონიკური ნორმებიც, როდესაც სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები ჩვენთან შეუთანხმებლად და ნებართვის გარეშე ჩადიან აფხაზეთის ეპარქიაში, რომელიც, ცხინვალის რეგიონთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის განუყოფელი ნაწილია. მე არ შემიძლია თქვენ წინაშე არ დავაფიქსირო ის ფაქტი, რომ საქართველოს ამ ორივე ეპარქიიდან 370 000-ზე მეტი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც დღეს ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე იმყოფებიან", - ბრძანა უწმინდესმა.