"აღარ ვაგრძელებთ არაფორმალურ ურთიერთობებს" - კვირის პალიტრა

"აღარ ვაგრძელებთ არაფორმალურ ურთიერთობებს"

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა. "დღეს ჩვენ აღარ ვაგრძელებთ არაფორმალურ ურთიერთობებს და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ", - განაცხადა ივანიშვილმა. ყოფილმა პრემიერმა მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში გადაბარგების გამოც გააკრიტიკა და გაიხსენა, რომ თავად მარგველაშვილი ამ რეზიდენციას გარყვნილების სიმბოლოს უწოდებდა. ყოფილმა პრემიერმა დაადასტურა, რომ მარგველაშვილი მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებდა. ივანიშვილის განმარტებით, პირადად მან სცადა გიორგი მარგველაშვილისთვის აეხსნა, რომ ვეტოს გამოყენება უმრავლესობაში გაუგებრობას გამოიწვევდა, რაზეც პრეზიდენტმა თქვა, რომ "ეს მას არ აინტერესებს". "მარგველაშვილმა პასუხი ვერ გამცა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით - რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, როცა ძველი პრეზიდენტის ფავორიტი არის მისი ძმა - მიშა მაჭავარიანი. ზოგადად ტრაგედიას ვერ ვხედავ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ძმა მუშაობდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა მაჭავარიანთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ისმოდა და ისმის დღესაც - როცა შევქმენით კოალიცია "ქართული ოცნება", გიორგიმ მოიყვანა  ვანო მაჭავარიანი. ის ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, სურვილი აღარ მაქვსო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან გააბრაზა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ. მიაღწია იმას, რომ შეაშინა, იქ წავალ, თუ სამსახურს არ მომცემთო. მას მისცეს "სამსახური" ქრთამის სახით - 7 ათასი ლარს უხდიდნენ "საპარტნიორო ფონდში", რომლის პრეზიდენტი გახლდათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური", - განაცხადა ივანიშვილმა.  პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილის კრიტიკა მისთვის მტკივნეულია, თუმცა მას და ყოფილ პრემიერს შორის გამართული საუბრების საჯარო მსჯელობის საგნად გამოტანას არ აპირებს.