ჟვანიას საქმე - კვირის პალიტრა

ჟვანიას საქმე

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალაში, სახელწოდებით "სააკაშვილი მკვლელი", ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილ რაულ იუსუპოვის ცხედრები. ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება. პროკურატურამ დაადასტურა, რომ ფოტომასალა ავთენტურია. უწყების ინფორმაციით, ფოტო და ვიდეომასალა ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში, სეიფში აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, პროკურატურა აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებებთან, რათა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს გვამების ექსჰუმაცია. ჟვანიას საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავაც დაჰკითხეს. ზოდელავას განმარტებით, საქმის ნაწილი მთავარი პროკურორის კაბინეტში "დელიკატური მომენტების გამო" ინახებოდა. პროკურატურამ დააკავა სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელმაც 2005 წლის 3 თებერვალს ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარა. პროკურატურის ცნობით, მან ცხედრების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. "სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები" - აცხადებს პროკურატურა. სამსახურებრივი გულგრილობის (დასაცავი ობიექტის მიტოვება) ბრალდებით დააკავეს ჟვანიას დაცვის ცვლის ყოფილი უფროსი მიხეილ ძაძამია. ჟვანიას საქმეზე ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც დაჰკითხეს. ""მერაბიშვილმა ჟვანიას გარდაცვალების შესახებ 3 თებერვალს პირველად ამცნო საზოგადოებას და მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასა. ასევე წინასწარ დაასახელა გარდაცვალების მიზეზები, რომ ეს იყო ბუნებრივი აირით მოწამვლით გამოწვეული. ბრიფინგი 2005 წლის 3 თებერვალს, 08.38 საათზე გაიმართა. არადა, ამ დროს ექსპერტიზის დასკვნა არათუ დაწერილი, არამედ გვამების გამოკვლევა დაწყებულიც კი არ ყოფილა", - აცხადებს პროკურატურა.