პრესის თავისუფლებით საქართველო 93-ეა - კვირის პალიტრა

პრესის თავისუფლებით საქართველო 93-ეა

Freedom House-ის პრესის თავისუფლების 2014 წლის რეიტინგში საქართველომ 197 ქვეყანას შორის 93-ე ადგილი დაიკავა. შარშანდელთან შედარებით პოზიციის 3 პუნქტით გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო მედიის თვალსაზრისით, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.  "მცირედი გაუმჯობესება შეინიშნებოდა საქართველოში, რომლის რეიტინგიც 49 ქულიდან 47 ქულით შეიცვალა, კანონმდებლობაში must carry/must offer-ის მუდმივი ვალდებულების გაჩენის გამო, რომლის თანახმად, საკაბელო კომპანიები ვალდებული გახდნენ, ყველა სატელევიზიო მაუწყებელს მოემსახურონ. ასევე საარჩევნო წლის განმავლობაში ნაკლებად აღინიშნებოდა ჟურნალისტების დაშინებისა და მათ წინააღმდეგ ძალადობის გამომხატველი ინციდენტები", - ნათქვამია ანგარიშში. საქართველოს ანალოგიური მაჩვენებელი–- 47 ქულა, Freedom House-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში ბოლოს 1999 წელს ჰქონდა.  2014 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგში ყველაზე თავისუფალ ქვეყნებად ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, ბელგია და ფინეთი დასახელდნენ, ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი ბელორუსში, ერითრეაში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და ჩრდილოეთ კორეაშია.