"ქვეყნის იმიჯს ძირს უთხრიან" - კვირის პალიტრა

"ქვეყნის იმიჯს ძირს უთხრიან"

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არასამთავრობოებისა და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების მიერ მოსმენებთან დაკავშირებით ერთი წლის წინ  წარმოდგენილი კანონპროექტი კატასტროფის ტოლფასი იყო.

"პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი თავად ვიყავი. ორი თვის წინ კი გვესმის, რომ იწყებენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგონარ კამპანიას, სახელწოდებით "ეს შენ გეხება". მოვისმინე განცხადებები, რომ ყოველი დღე საფრთხის შემცველია და იწყებენ მოქალაქეების დარწმუნებას, რომ დღეს ყველას უსმენენ. მაშინ, როცა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება და ყოველდღიურად ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები ათასობით ლარს ხარჯავენ რეკლამებში, რათა შეარყიონ ქვეყნის იმიჯი. ამას მე ვუწოდებ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას", - აღნიშნა პრემიერმა.

საპასუხოდ, კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე ორგანიზაციებმა პრემიერი შეურაცხმყოფელ განცხადებებში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ღარიბაშვილის მიერ დასახელებული არც ერთი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს მონაწილეობდა კანონპროექტის შემუშავებაში (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).