დარბაისელი გადადგა - კვირის პალიტრა

დარბაისელი გადადგა

დიმიტრი დარბაისელმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. "მე ძალიან მძიმე პერიოდში მომიწია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობამ. დეპარტამენტი, მისი თანამშრომლები ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივუახლოვდეთ სასურველ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მე, როგორც მენეჯერმა, საჭიროდ ჩავთვალე და თავად მივიღე გადაწყვეტილება თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემის შესახებ, რათა მათ კიდევ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ. მათ 24-საათიან რეჟიმში, უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა ყველაზე რთულ, გარდამავალ პერიოდში. ფაქტობრივად, ვერ ნახულობენ  ოჯახებს და სამსახურში უწევთ ღამეების გათენება. სწორედ ასეთი მუშაობის შედეგია, რომ მათ რეალურად შეცვალეს ის ნეგატიური ტენდენციები, რაც ჩემს დანიშვნამდე სასჯელაღსრულების სისტემაში იყო. ჩემმა გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები და გამოიწვია უკმაყოფილება. კარგად მესმის, რომ საზოგადოებისთვის შეუძლებელია ახსნა, თუ რა მასშტაბისა და სიმძიმის სამუშაო იყო გასაწევი. მე ბოლომდე ერთგულად ვემსახურე ჩემს საქმესა და ქვეყანას. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა დავტოვო დაკავებული თანამდებობა", - აცხადებს დარბაისელი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).