"საერთო მომავალს ავაშენებთ" - კვირის პალიტრა

"საერთო მომავალს ავაშენებთ"

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის, ევროკავშირთან ერთად საერთო მომავალი ააშენოს. "27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირ-საქართველოს შორის. ეს ხელშეკრულება ჩვენს ურთიერთობას თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, რომელიც უამრავ შესაძლებლობასა და უპირატესობას მოუტანს საქართველოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირის 29-ე წევრი სახელმწიფო გახდეს. "ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობას ვერ შევთავაზებთ, მაგრამ მაქსიმალურ დაახლოებას ვთავაზობთ", - განაცხადა ბაროზომ. ის დარწმუნებულია, რომ საქართველო ეკონომიკურ პროგრესს მიაღწევს და ევროკავშირისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს. ამასთან, ბაროზოს განცხადებით, ის გარანტიას აძლევს ქართველ ხალხს, რომ ვერავინ ჩაერევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. "პუტინი დაგვპირდა, რომ ხელს არ შეუშლის საქართველოს მოლაპარაკებას ასოცირების ხელშეკრულებაზე", - აღნიშნა ბაროზომ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).