არჩევნებმა გადაიარა - კვირის პალიტრა

არჩევნებმა გადაიარა

გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე ("კვირის პალიტრა" სტამბაში დასაბეჭდად 15 ივნისს, 20.30 საათზე გაიგზავნა), გთავაზობთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების 20.00 საათზე გამოქვეყნებულ შედეგებს. "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი: თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია  46,3%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია, რომელსაც 27,2% უჭერს მხარს. მესამე ადგილს კი "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იკავებს 10,4%-ით. "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი: დავით ნარმანია 52.6 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზე 24,7%-ით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელიაა. თბილისის მერობის დანარჩენ კანდიდატებს შორის კი პროცენტული მაჩვენებელი ასე განაწილდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე, - 10,8%, ირმა ინაშვილი - 5,8%, ასმათ ტყაბლაძე - 2,6%, კახა კუკავა - არასაპარლამენტო ოპოზიცია - 2,1%, გიორგი გაჩეჩილაძე -1,1%.

კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, მხოლოდ ორიოდე უბანზე შეიქმნა სერიოზული პრობლემა, დანარჩენ შემთხვევებში დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო.

ზუგდიდის რაიონის 32-ე უბანში საარჩევნო პროცესი ორი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედამ, ცინარა აბულაძემ და სხვა ნათესავებმა ჩაშალეს, ისინი საქმის გამოძიებას ითხოვდნენ.

მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და გაიტაცეს საარჩევნო დოკუმენტაცია, რომელიც უბნიდან 200 მეტრში მალევე იპოვეს. კენჭისყრის პროცესი არ ჩაშლილა.

მარტვილის საარჩევნო ოლქის მე-20 უბანზე გარკვეული დროის განმავლობაში ამომრჩევლები მარკირების შემოწმების გარეშე აძლევდნენ ხმას, რადგანაც სპეციალური ფარანი გაფუჭდა.

ახალქალაქის მე-4 უბნის გახსნამდე კომისიის წევრი ლევონ საკონჯიანი გულის შეტევით გარდაიცვალა.

43-ე საარჩევნო უბანზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შედეგადაც ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთით შეწყდა.

არჩევნების საბოლოო შედეგები ორი კვირის შემდეგ გამოქვეყნდება.