არჩევნებმა გადაიარა
16-06-2014
არჩევნებმა გადაიარა
გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე ("კვირის პალიტრა" სტამბაში დასაბეჭდად 15 ივნისს, 20.30 საათზე გაიგზავნა), გთავაზობთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების 20.00 საათზე გამოქვეყნებულ შედეგებს. "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი: თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია  46,3%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია, რომელსაც 27,2% უჭერს მხარს. მესამე ადგილს კი "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იკავებს 10,4%-ით. "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი: დავით ნარმანია 52.6 პროცენტით ლიდერობს,
მეორე ადგილზე 24,7%-ით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელიაა. თბილისის მერობის დანარჩენ კანდიდატებს შორის კი პროცენტული მაჩვენებელი ასე განაწილდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე, - 10,8%, ირმა ინაშვილი - 5,8%, ასმათ ტყაბლაძე - 2,6%, კახა კუკავა - არასაპარლამენტო ოპოზიცია - 2,1%, გიორგი გაჩეჩილაძე -1,1%.
კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე
წარიმართა, მხოლოდ ორიოდე უბანზე შეიქმნა სერიოზული პრობლემა, დანარჩენ შემთხვევებში დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო.

ზუგდიდის რაიონის 32-ე უბანში საარჩევნო პროცესი ორი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედამ, ცინარა აბულაძემ და სხვა ნათესავებმა ჩაშალეს, ისინი საქმის გამოძიებას ითხოვდნენ.

მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და გაიტაცეს საარჩევნო დოკუმენტაცია, რომელიც უბნიდან 200 მეტრში მალევე იპოვეს. კენჭისყრის პროცესი არ ჩაშლილა.

მარტვილის საარჩევნო ოლქის მე-20 უბანზე გარკვეული დროის განმავლობაში ამომრჩევლები მარკირების შემოწმების გარეშე აძლევდნენ ხმას, რადგანაც სპეციალური ფარანი გაფუჭდა.
ახალქალაქის მე-4 უბნის გახსნამდე კომისიის წევრი ლევონ საკონჯიანი გულის შეტევით გარდაიცვალა.

43-ე საარჩევნო უბანზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შედეგადაც ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთით შეწყდა.
არჩევნების საბოლოო შედეგები ორი კვირის შემდეგ გამოქვეყნდება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით