ევროპასთან ასოცირება გაფორმებულია - კვირის პალიტრა

ევროპასთან ასოცირება გაფორმებულია

27 ივნისს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების 1135-გვერდიან დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის მხრიდან კი - ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ მოაწერეს. ხელშეკრულებას ხელი ასევე მოაწერეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველმა პირებმა. ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მისი რატიფიცირება საქართველოს, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტების, ასევე ევროპარლამენტის მიერ უნდა მოხდეს. ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლა 2015 წლისთვის იგეგმება, თუმცა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი, მათ შორის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. ამასთან, გავრცელდა ვიდეომიმართვა ქართველი და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით, სახელწოდებით: "გილოცავ, საქართველო!" ვიდეომიმართვაში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს ულოცავენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ბოჰუსლავ სობუტკა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ვუჩიჩი, მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი ლურიე ლეანკე, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო. აღსანიშნავია, რომ მიმართვაში რიგი ლიდერები ქართველ ხალხს ქართულ ენაზე ულოცავენ. საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმაც მიულოცა.