ნარმანია - 72,47%, მელია - 27,53% - კვირის პალიტრა

ნარმანია - 72,47%, მელია - 27,53%

12 ივლისს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის შედეგადაც რვა ქალაქში - თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში - მერი, 13 მუნიციპალიტეტში - ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, თელავსა და ხულოში კი - გამგებელი აირჩიეს. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 36% შეადგინა. თბილისში "ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით ნარმანიამ გაიმარჯვა, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 72,47% მიიღო. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხმების 27,53%-ს დასჯერდა. მMმართველი კოალიციის კანდიდატები ლიდერობენ ყველა დანარჩენ რვა თვითმმართველ ქალაქში. მუნიციპალიტეტებშიც, ყველგან, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენიმე დარღვევა და ინციდენტი აღნუსხეს:

* რუსთავში N79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ პირებსა და "თავისუფალი ზონის" ოპერატორსა და ჟურნალისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. კრწანისში "ნაციონალური მოძრაობის" ორი აქტივისტი - ნუგზარ მკალავიშვილი და მერაბ ბადაგიძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტებიდან ერთ-ერთს მეტადონი აღმოუჩინეს. ისნის #20 უბანზე, საარჩევნო სუბიექტ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა იოსებ ხიმშიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის წევრებს.* კრწანისში #209-ე ბაგა-ბაღის ეზოში ინციდენტი მოხდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და საარჩევნო ბლოკ "ქართული ოცნების" კოორდინატორებს შორის.