კვირის მოვლენები - კვირის პალიტრა

კვირის მოვლენები

"სააკაშვილი ქვეყანას ახალ სკანდალში ითრევს"(?!)

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, საქართველოს გეგმებში არ შედის უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა. მისი თქმით, საქართველო ამ არჩევნებში ვერც ჩაერევა და არც ჩაერევა. შესაბამისად, ვერც ერთი მხარის ინტერესებს ვერ დაიცავს.

"მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას ახალ საერთაშორისო სკანდალში ითრევს. მოძრაობის წევრები ვერაფრით ხსნიან, რატომ უნდა წარდგეს საქართველო უკრაინაში 2 ათასამდე, ანუ აშშ-ზე ბევრად მეტი დამკვირვებლით.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე კარგა ხანია, უკრაინაში იმყოფება მობილიზებული ჯგუფით, რომლის მეშვეობითაც აპირებს არჩევნებში ჩარევას. 15 იანვარს გავრცელდა სააკაშვილისა და ტიმოშენკოს სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი. საუბრისას სააკაშვილი ამბობს, რომ "გივი ადგილზეა და საჭიროა მასთან დაკავშირება", - აღნიშნავენ მოძრაობაში.

ნოღაიდელის პარტიის განცხადებაში მაგალითად არის მოყვანილი, აგრეთვე, უკრაინის ცესკოს წარმომადგენლის განცხადება, რომ წარდგენილ კანდიდატურებს შორის არავის აქვს არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება; 1466 კანდიდატის ანკეტაში აღნიშნულია, რომ დროებით უმუშევრები არიან, ხოლო დიდმა ნაწილმა საერთოდ არ შეავსო პროფესიის მანიშნებელი გრაფა. "ამ ფონზე საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ საქართველოდან წარდგენილი დამკვირვებლების დიდი ნაწილი პოლიციელი ან სპეცრაზმელია", - აცხადებენ მოძრაობის წარმომადგენლები.

KvirisPalitra.Geცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გახდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს "საზოგადობრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი ზურაბ ხარატიშვილი გახდა. ხარატიშვილს 98-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მეორე კანდიდატის, ოთარ სიჭინავას მომხრე 19 დეპუტატი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლევან თარხნიშვილმა კენჭისყრამდე თავისი კანდიდატურის მოხსნაზე გააკეთა განცხადება, მას მხარი მაინც დაუჭირა 36-მა დეპუტატმა. საპარლამენტო ოპოზიციიდან კენჭისყრაში მხოლოდ გია თორთლაძე მონაწილეობდა. ხარატიშვილის არჩევა გააპროტესტა გია ცაგარეიშვილმა, რომელმაც მმართველი გუნდი ქვეყანაში რადიკალიზმის გამოწვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დიდი მკითხაობა არ სჭირდებოდა, თუ ვის დაასახელებდა პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად და ვის აირჩევდნენ.

"ვაკვირდები თქვენს პოლიტიკურ ნაბიჯებს და ვერ გავიგე ლოგიკა, რატომ არ გინდათ, მცირე დოზით მაინც იყოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართული ოპოზიცია, რატომ მიგყავთ თქვენი გადაწყვეტილებებით რადიკალიზმისკენ სიტუაცია", - განუცხადა ცაგარეიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

უგულავა სკანდალში გაეხვია

რუსულ "ნიუსვიკში" დაბეჭდილი ინტერვიუს გამო თბილისის მერი სკანდალში გაეხვა. ინტერვიუს თანახმად, უგულავა აცხადებს, რომ "თუ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის ჯარებს გაიყვანს, სანაცვლოდ საქართველო ნატოში შესვლაზე უარს იტყვის. ამასთან, უგულავა დარწმუნებულია, რომ ამ ნაბიჯს რუსეთი არ გადადგამს". ამ ინტერვიუს გახმაურების შემდეგ თბილისის მერიამ ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი განმარტება გაავრცელა, რომლის თანახმად მერია აცხადებს, რომ ""ინტერვიუ თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, რომელიც "ნიუსვიკის" რუსულ გამოცემაში 15 იანვარს დაიბეჭდა, შეიცავს უამრავ უზუსტობას. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის მერის განცხადება ნატოსკენ სწრაფვაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ტერიტორიების რუსი საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ. გიგი უგულავას არასოდეს უგულისხმია, რომ საქართველოს მისწრაფება ნატოსადმი სათუოა და შეიძლება ამით ვაჭრობა".

ლეიბორისტები ხარატიშვილის გამო ჩივიან

"ლეიბორისტული პარტია" ცესკოს თავმჯდომარედ ზურაბ ხარატიშვილის არჩევას ხელისუფლების მორიგ უკანონობად აფასებს.

პარტიის გენერალური მდივნის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით,  ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლება მომავალი ადგილობრივი არჩევნების გასაყალბებლად ემზადება, რადგან ზურაბ ხარატიშვილი უშუალოდ ხელისუფლებას წარმოადგენს.

მისივე განცხადებით, მიმდინარე მოვლენები ნათლად ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ "ლეიბორისტული პარტია" და ის ძალები, რომლებმაც გაეროსადმი მიმართვას ხელი მოაწერეს, არ შემცდარან, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სამართლიანი არჩევნების ჩატარება უტოპიაა.

KvirisPalitra.Geმწერალთა კავშირი უარს აცხადებს ებრალიძის კონკურსზე

საქართველოს მწერალთა კავშირმა რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის, "საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტის, ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაფინანსებულ ლიტერატურულ კონკურსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

- "საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი არ არის საკონკურსო კომისიის თანათავმჯდომარე და არც კომისიის წევრი. მწერალთა კავშირი, როგორც ორგანიზაცია, უარს აცხადებს საკონკურსო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობაზე, რათა ორგანიზაციის სახელი არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური თამაშებისა თუ ანგარიშსწორებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

დავით აღმაშენებლის სახელობის კონკურსის გამარჯვებულები 8 თებერვალს დასახელდებიან. ლიტერატურულ კონკურსს ალექსანდრე ებრალიძე აფინანსებს.

"ასლი მხოლოდ ორიგინალის უსულო პაროდია იქნება"

გავრცელებული ინფორმაციით, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი "დიდების მემორიალის" მოსკოვში აღდგენის წინააღმდეგია.

მერაბ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ "ინერტული მასალის გაცოცხლება მხოლოდ ავტორის ხელს ძალუძს და რამდენადაც  ამის გაკეთება თავად არ შეუძლია, სხვების მიერ მემორიალის აღდგენის წინააღმდეგია. ქართველი მოქანდაკის აზრით, ასლი მხოლოდ ორიგინალის "უსულო პაროდია" იქნება.

KvirisPalitra.Geპატრიარქი ნათლულებს შეხვდება

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" ცნობით, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სპორტის სასახლეში თავის ნათლულებსა და მათ მშობლებს მიიწვევს და დღესასწაულს მიულოცავს. შესაბამისად, თითოეულ ოჯახზე სამი მოსაწვევია გათვალისწინებული.

დღეისათვის უწმინდესს 4300-მდე ნათლული ჰყავს. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. უწმინდესმა ჩვილთა ნათლობის ტრადიციას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩაუყარა.

ნოღაიდელი "კარდაკარ'' სიარულს იწყებს

მოძრაობა" ''სამართლიანი საქართველოსთვის" საორგანიზაციო მდივნის, ვლადიმერ ბოჟაძის ინფორმაციით, "კარდაკარ სიარული", რომელიც მიზნად ისახავს ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას და საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტებას, 25 იანვრიდან დაიწყება თბილისში და ქვეყნის 15-20 რაიონში, ხოლო 15 თებერვლიდან - საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

მოძრაობის ორგანიზებით, უკვე თვეზე მეტია ''კარდაკარ დადიან'' ქობულეთისა და ოზურგეთის რაიონებში, რის საფუძველზეც პარტიაში უამრავი ხარვეზის არსებობაზე საუბრობენ.

KvirisPalitra.Geრუსი სამღვდელო პირი თბილისში მოლაპარაკებებს გეგმავს

თბილისში იანვრის ბოლოს მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიათაშორისი საგარეო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის არქიეპისკოპოსი ილარიონი ჩამოვა.

"იანვრის ბოლოს ვგეგმავ თბილისში ჩასვლას, რათა მოლაპარაკებები ვაწარმოო საქართველოს ეკლესიასთან მთელ რიგ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და მონაწილეობა მივიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად მოციქულთა სწორი წმინდა ნინოს ხსენების დღესასწაულზე გამართულ ღვთისმსახურებებში," - განაცხადა მეუფე ილარიონმა.

გოგა ხაინდრავა დააჯარიმეს

ლევან გოგიჩაიშვილის სასამართლო პროცესზე გოგა ხაინდრავა მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა.

"მოსამართლემ მსჯავრდადებულის ადვოკატს, მალხაზ ჯანგირაშვილს დაცვითი სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა, შეაწყვეტინა და განუცხადა, რომ 15 წუთში უნდა ჩატეულიყო. ჯანგირაშვილის განცხადებაზე, რომ ვერ მოასწრებდა ამ დროში, მოსამართლემ უპასუხა, რომ ეს მისი პრობლემა არ იყო.

- მე ვუთხარი მოსამართლეს, თავად რომ დაჯდება განსასჯელის სკამზე, მერე ნახავს, შესაძლებელი იყო თუ არა ეს", - განაცხადა ხაინდრავამ და განმარტა, რომ მისი გამონათქვამი მოსამართლემ სასამართლოს შეურაცხყოფად მიიჩნია და დარბაზიდან გააძევა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა მალხაზ ჯანგირაშვილმაც.

KvirisPalitra.Geნათელაშვილმა მაკკეინს სააკაშვილის ნათლიმამა უწოდა

''საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის'' "ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სენატორ ჯონ მაკკეინის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მაკკეინი აგრძელებს დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის ნათლიმამობასა და ლობირებას.

''ლეიბორისტების'' ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მოსაზრება, რომ ჯორჯ ბუშის გუნდთან ერთად, ჯონ მაკკეინი პასუხისმგებელი პირია საქართველოში "ვარდების რევოლუციის" მოწყობაზე, რაც ანტიკონსტიტუციური გზით განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება იყო.

შალვა ნათელაშვილმა ამერიკულ მხარეს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიძიონ იმ პოლიტიკოსთა საქმიანობა, რომლებმაც მთელ მსოფლიოში დაგეგმეს "ტროცკისტული ფერადი რევოლუციები, რითაც ამერიკელ ხალხს გაუფლანგეს მილიარდები და ძირს დასცეს აშშ-ის ავტორიტეტი".

ვინ "გადაუხდის მადლობას" პუტინს?

გონიოში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს აინტერესებს, რომელი ქართველი პოლიტიკოსი გააპროტესტებს ამ ფაქტს რუსეთის პრემიერ პუტინთან შეხვედრისას და ვინ გადაუხდის პუტინს მადლობას, საქართველოში დატოვებული "საჩუქრის" გამო.

მაჭავარიანის თქმით, გონიოს სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე რუსებმა უამრავი ჭურვი და უბედურება დატოვეს.

გონიოში ნაღმის აფეთქების შედეგად 14 იანვარს სამი კაცი დაიღუპა. ცოლ-ქმარი, 44 წლის ნუგზარ ბილვანიძე და მისი მეუღლე ქეთევან ბედინაძე, ასევე ბილვანიძის 5 წლის ძმისშვილი.

უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თავისი სახლის ეზოში ნუგზარ ბილვანიძე გონიოში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შეგროვებულ ჯართს ანაწევრებდა. ჯართში ნაღმი აღმოჩნდა, რომელიც აფეთქდა.

KvirisPalitra.Geცოტნე გამსახურდიას შიმშილობის დაწყებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის, ქეთი ბექაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში სამ კვირაზე მეტია შიმშილობს. ადვოკატის თქმით, რამდენიმე დღის წინ ცუდადაც გახდა, წნევა დაუვარდა, თუმცა სამედიცინო ჩარევის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ქორწინების რეგისტრაცია უფასო გახდა

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გაუქმდა ქორწინების რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის გაცემისთვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟი - 9 ლარი.  დღეისათვის ქორწინების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა უფასოა.

ნიკო ორველაშვილი გარდაიცვალა

15 დეკემბერს გვიან ღამით, გარდაიცვალა პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" წევრი, ეკონომისტი ნიკო ორველაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

"ეროვნული ფორუმის" საბჭოს წევრ ნიკო ორველაშვილს აპრილში 47 წელი შეუსრულდებოდა.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

KvirisPalitra.Geბერეზოვსკიმ პატარკაციშვილის ქონების ნაწილის დაყადაღება მოახერხა

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბორის ბერეზოვსკიმ დიდ ბრიტანეთში ბადრი პატარკაციშვილის ქონების ნაწილის დაყადაღება მოახერხა, რაც ნიშნავს, რომ აქტივების ამ ნაწილს ვერავინ განკარგავს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

საქმე ეხება გარდაცვლილი ოლიგარქის ქონების იმ ნაწილს, რომლის შესახებაც პრეტენზია შესაძლოა, მოსკოველმა ოლგა საფონოვამ განაცხადოს, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილთან ვაჟიშვილი ჰყავს.

ბერეზოვსკი აცხადებს, რომ პატარკაციშვილთან ერთად ბიზნესის განსაზღვრულ ნაწილს მართავდა და ერთობლივი აქტივების ნახევარი მას ეკუთვნის.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე მიიჩნევს, რომ პატრკაციშვილისა და ბერეზოვსკის ბიზნესის გაყოფა ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლეშივე მოხდა.