წესები იცვლება - კვირის პალიტრა

წესები იცვლება

იუსტიციისა და შს სამინისტროების მიერ შემუშავდა "იარაღის შესახებ კანონისა" და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ყველა, ვისაც სურს, მოიპოვოს ნებართვა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, ვალდებული იქნება, გაიაროს გამოცდა. არსებული კანონით, ადამიანს 18 წლიდან შეუძლია შეიძინოს, შეინახოს და ატაროს იარაღი, ახალი ცვლილებებით კი ასაკობრივი ზღვარი 23 წლამდე იზრდება. ნებართვას ვერ მოიპოვებს პირი, თუ ის წარსულში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, ასევე ის, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, მაგრამ იარაღის გამოყენებასა და ძალადობაშია ბრალდებული. ნებართვას ვერ მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული არიან ისეთ შემთხვევებში, როგორიც არის წვრილმანი ხულიგნობა, საჭესთან მთვრალ მდგომარეობაში ჯდომა ან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.