სამთავრობო ცვლილებები - კვირის პალიტრა

სამთავრობო ცვლილებები

ივლისის მიწურულს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობაში შვიდი მინისტრი შეცვალა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად გადაიყვანეს. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა; სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა ოთარ დანელია; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პორთფელი გელა დუმბაძემ ჩაიბარა; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გახდა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრის სავარძელი დავით შავლიაშვილმა დაიკავა; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გახდა.