საშობაო ეპისტოლედან - კვირის პალიტრა

საშობაო ეპისტოლედან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ოჯახის ერთიანობასა და სიწმინდეს შეეხო და მამაკაცისა და ქალის მოვალეობებზეც ისაუბრა: "ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი; ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს... თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ყოფაში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი ოჯახები, სადაც უგულებელყოფილია პასუხისმგებლობა და მოვალეობები;

ბოლო პერიოდში კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რაც ქორწინებისთვის ახალგაზრდების მოუმზადებლობით არის განპირობებული". უწმინდესი ოჯახური ძალადობის გახშირებულ ფაქტებსაც შეეხო: "აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას, რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალის სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება... გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა; თუმცა, მხოლოდ ამ თემით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები, არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა."