"ოთარი მეორედ მომიკვდა" - ვანდალიზმი თბილისში - კვირის პალიტრა

"ოთარი მეორედ მომიკვდა" - ვანდალიზმი თბილისში

ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადებიდან 83-ე წლისთავზე თბილისში, 9 აპრილის ბაღში, მისი ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა. ძეგლი გახსნიდან მეორე დღეს, ვანდალურად დააზიანეს. დილით ბაღის დაცვას მოგლეჯილი დახვდა კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა: "ოთარ მეღვინეთუხუცესი". ძეგლის ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. "როგორ შეიძლება წინადღეს გახსნილი ძეგლი ასე ვანდალურად დააზიანო. ცნობილი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის მტრობა ჩემთვის ყოვლად გაუგებარია. აღსანიშნავია ისიც, რომ წარწერა, რომელიც მოგლეჯილია, ძვირფასი ლითონის არ არის", - განაცხადა ავტორმა. მისივე თქმით, მომხდარი ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია. "ოთარი მეორედ მომიკვდა", - ეს სიტყვები ეკუთვნის მის მეუღლეს, მსახიობ გურანდა გაბუნიას, რომელზეც ამ ამბავმა ისე მძიმედ იმოქმედა, რომ ოჯახს სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდა. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანებულ ნაწილს უმოკლეს ვადაში აღადგენენ. მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვალერი პაპიაშვილის თქმით კი, მომხდართან დაკავშირებით უკვე აღძრულია საქმე.