მიხეილ მაჭავარიანი: - არა მგონია, საქმე სავიზო რეჟიმამდე მივიდეს - კვირის პალიტრა

მიხეილ მაჭავარიანი: - არა მგონია, საქმე სავიზო რეჟიმამდე მივიდეს

ევროსაბჭოში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის ივან პოპესკუს განცხადებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღებაზე მიხეილ მაჭავარიანი პასუხობს.

"საქმე აქამდე არ მივა, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგზავნის დამკვირვებლებს, თუ ამის სურვილი და მიწვევა უკრაინული მხრიდან იქნება", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ევროსაბჭოში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, როცა ამბობს, რომ დონეცკში ახლაც რჩება 940 ქართველი დამკვირვებელი.

- "ჩვენ იქ მხოლოდ 340 დამკვირვებელი გავაგზავნეთ. გვეგონა, მათ ბოლო წუთებში მაინც დაარეგისტრირებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. არანაირი 940 კაცი იქ არ ჩაგვიყვანია, არც ორი ათასი. თუ მოწვევა იქნება, მხოლოდ მაშინ ჩავალთ. ასე რომ, არა მგონია, საქმე სავიზო რეჟიმამდე  მივიდეს", - ამბობს მიხეილ მაჭავარიანი.

ევროსაბჭოში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი ივან პოპესკუ ამბობს, რომ ქართველი დამკვირვებლების ინციდენტის გამეორების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, უკრაინამ  საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღება მოითხოვოს.