კეზერაშვილს, ადეიშვილსა და უგულავას ბრალი დაუმძიმდათ - კვირის პალიტრა

კეზერაშვილს, ადეიშვილსა და უგულავას ბრალი დაუმძიმდათ

პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი დაუმძიმდათ.

გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით: "ფაქტობრივად, ბრალდების შინაარსი არ შეცვლილა, მხოლოდ მუხლები დაამძიმეს. თითქოსდა გიორგი უგულავა მონაწილეობდა მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვა-ლეგალიზაციაში, რაც არის სრული სამართლებრივი, ფაქტობრივი და ადამიანური აბსურდი. მისთვის მუხლების დამძიმებას აქვს ერთადერთი მოტივაცია - უგულავას პატიმრობაში დატოვება.

ესენი ერთ ქმედებას 2-3 კვალიფიკაციას აძლევენ. საქმე ის გახლავთ, რომ უგულავას 2 აპრილს გასდის პატიმრობის 9-თვიანი ვადა და კონსტიტუციის დარღვევით უნდათ, ამ საქმეზე ხელახალი პატიმრობის ვადის შეფარდება. ხელისუფლების მიზანია, გიგი უგულავა დარჩეს პატიმრობაში, რაც წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს იმას ჰგავს, მე ვიღაცას სახეში შემოვულაწუნო, ამაზე ცემის ბრალდება წამიყენონ, გავიდეს 8 თვე, დანაშაული გადააკვალიფიცირონ და თქვან, რომ ეს იყო მკვლელობის მცდელობა".