რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე ანგარიში მოისმინეს - კვირის პალიტრა

რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე ანგარიში მოისმინეს

ჰააგაში სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა ლუის მორენო-ოკამპომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის

ნორმათა დარღვევის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში მოისმინა. ღია საზოგადოება "საქართველოს" ცნობით, ანგარიში, რომელზეც ხუთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია  მუშაობდა, თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდება.

ანგარიში დევნილთა მონათხრობს ეფუძნება და შესაძლებლობას იძლევა, მთელი მსოფლიო, მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, გაეცნოს დოკუმენტურ მასალას საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩადენილი სასტიკი და არაჰუმანური ქმედების შესახებ. როგორც ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ,  მათ ხელთ არსებული მასალების საფუძველზე  შეიძლება ითქვას, რომ: "რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ე.წ სამშვიდობო ოპერაციის ამოცანას წარმოადგენდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და მისი მოსაზღვრე სოფლებიდან ეთნიკური ქართველების განდევნა".